დაკარგული წყალქვეშა ნავის – ტიტანის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ გრძელდება. სამაშველო ჯგუფებს დრო დღის ბოლომდე აქვთ, სანამ ჟანგბადის მარაგი ამოიწურება.
წყალქვეშა ნავი, რომელმაც ხუთი ტურისტი ატლანტიკის ოკეანეში ჩაძირული ტიტანიკის დასათვალიერებლად დაახლოებით 3 000 მეტრ სიღრმეზე ჩაიყვანა, კვირიდან დაკარგულია.
მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ამ სიღრმეზე წყალი თითქმის გაყინულია, ამიტომ ნავის შიგნით ცივა და სავარაუდოდ, იქ მყოფ ადამიანებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებისთვის უწევთ ბრძოლა.
როგორ დაიკარგა წყალქვეშა ხომალდი
კვირა დილით, გემი წყალში, ტიტანიკის დაღუპვის ადგილისკენ დაეშვა. 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ მან კონტაქტი შეწყვიტა Polar Prince-თან, დამხმარე გემთან.
ამ დრომდე გაურკვეველია, რა დაემართა წყალქვეშა ნავს, რატომ დაკარგა კონტაქტი და რამდენად ახლოს იყო ტიტანიკთან, როცა გაუჩინარდა.
სამძებრო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყო. სამშაბათს, კანადურმა თვითმფრინავებმა ოკეანეში დარტყმის ხმები დააფიქსირეს, მაგრამ სანაპირო დაცვამ ვერ დაადგინა, ეს რა ხმა იყო და საიდან ისმოდა.
ოთხშაბათს, აშშ-ის სანაპირო დაცვამ სცადა, ზუსტად დაეფიქსირებინა დარტყმის ხმები, რომლებიც საჰაერო ძიების დროს ოკეანეში გაიგეს. მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
საძიებო ზონაში ამ დროისთვის განლაგებულია სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ფლოტი, მათ შორის აშშ-ის საზღვაო ძალების ღრმა ოკეანის სამაშველო სისტემა და კანადის სანაპირო დაცვის ხომალდი ჯონ კაბოტი, რომელსაც სპეციალური სკანერები აქვს.
მაშველებმა გააორმაგეს საძიებო პერიმეტრი ტიტანიკის ჩაძირვის ადგილთან. ამჟამად 26,000 კვ.კმ-ზე მიმდინარეობს სამუშაოები, რადგან ძებნა კრიტიკულ ფაზაში შედის.
პარალელურად, ორი დისტანციურად მართული მანქანა (ROV), წყალქვეშ ეძებს ტიტანს, იქ, სადაც ხმები დაფიქსირდა. დღეს მათ კიდევ რამდენიმე ასეთი მანქანა შეუერთდება.
საძიებო ადგილისკენ მიდის ფრანგული გემი L’Atalante, რომელსაც აქვს რობოტი, შეუძლია ფსკერზე, 3800 მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს და ტიტანი ზედაპირზე ამოწიოს.
რამდენად უსაფრთხო იყო ტიტანით მოგზაურობა
ეს ტიტანის ბოლო მეხუთე ექსპედიცია იყო წელს. წინა ოთხი უსაფრთხოდ დასრულდა, თუმცა, ახლა, უკვე ტიტანის დაკარგვის შემდეგ, სპეციალისტები ამბობენ, რომ მას მთელი რიგი მექანიკური პრობლემები ჰქონდა და ასეთ სიღრმეზე ცურვისთვის სერტიფიცირებულიც არ იყო.
არსებობს დოკუმენტები, რომ ბოლო წლებში OceanGate-ის გაუმართაობის გამო, რამდენჯერმე მოუწია მოგზაურობის გაუქმება ან გადადება.
ვინ არიან ტიტანის ბორტზე
პოლ-ჰენრი ნარგეოლე – ფრანგი მყვინთავი, რომელსაც ტიტანის მართვის გამოცდილება აქვს. ის 22 წელი საფრანგეთის საზღვაო ფლოტში მსახურობდა და 35-ჯერ არის ოკეანის სიღრმეში ჩასული.
ჰამიშ ჰარდინგი – ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი. ის 2019 წელს იყო იმ ეკიპაჟის წევრი, რომელმაც ყველაზე სწრაფად შემოუფრინა დედამიწის ორივე პოლუსს და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2020 წელს, ის გახდა ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ჩაყვინთა Challenger Deep-ში, წყნარ ოკეანეში, რომელიც მსოფლიოს ოკეანეების ყველაზე ღრმა წერტილად ითვლება.
შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი – პაკისტანელი ბიზნესმენების ოჯახი, Dawood Hercules Corporation-ის მფლობელი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა ქვეყანაში. აწარმოებს ენერგიას, ნავთობქიმიკატებს, სასუქებს, IT, საკვებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.
სტოკტონ რაში – OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. ის ადრე მართავდა ტიტანს.
ვინც ბორტზე მყოფ ადამიანებს იცნობს, ამბობენ, რომ მათ გავლილი აქვთ სპეციალური წვრთნა და „დაუყოვნებლივ შეეცდებიან ჟანგბადის დაზოგვას“. მაგრამ არავინ იცის, რამდენია მგზავრების მიერ ჟანგბადის მოხმარების მაჩვენებელი. ყველაფერი ეკიპაჟის წევრების ორგანიზმსა და წყალქვეშა პირობებზეა დამოკიდებული.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, წყალქვეშ არსებულმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთერმია და გონების დაკარგვა, თუმცა, შეიძლება ეს არ იყოს სასიკვდილო და სიცივით გამოწვეული მეტაბოლიზმის შენელება უფრო დიდხანს გაძლებაში დაეხმარებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ოკეანის ზედაპირს ათეულობით ათასი წლის განმავლობაში იკვლევდნენ, ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, ზღვის ფსკერის მხოლოდ 20%-ია ამ დრომდე შესწავლილი.
ამის მიზეზი ისიც არის, რომ ადამიანები წყლის დიდი ზეწოლის გამო, ოკეანეში ღრმად ვერ ჩადიან. სიღრმეში ჩასვლასთან ერთად რისკი იზრდება, ირგვლივ სიბნელეა და ტემპერატურა ძალიან დაბალია.