“სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წლისთვის 150 000-მდე შემცირდება”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, 2012 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 440 000-მდე არის შემცირებული და მთავრობა გეგმავს, რომ მათი რაოდენობა 2028 წლისთვის მაქსიმუმ 150 000 იყოს.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება სიღარიბის განულება იქნება.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა და 11.8% შეადგინა.
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
2024 წლის ბოლო, ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 765 ათასამდე ადამიანია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება – 53 724.
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 677 495 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.3%-ს შეადგენს.