კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა.
კომისია ამბობს, რომ კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია.
კერძოდ, 2024 წლის მარტში, ComCom-ში შემოვიდა მომხმარებლის საჩივარი ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რის შემდეგაც, კომისიამ აბონენტთან 24 საათიანი ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის შემოწმების ტესტი ჩაატარა.
ტესტმა დაადგინა, რომ „სილქნეტის“ მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება არ შეესაბამებოდა ოპერატორსა და აბონენტს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
ComCom-ის მიერ ჩატარებულმა ინტერნეტის ხარისხის გაზომვის 24 საათიანმა ტესტმა აჩვენა, რომ ჯიტერის მაჩვენებელი შეადგენდა 152.9 მილიწამს, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს <50 მილიწამს. ასევე, დაყოვნების მაჩვენებელი შეადგენდა 2969 მილიწამს, ეს მაჩვენებელი კი ხელშეკრულების პირობებით <400 უნდა იყოს. გარდა ამისა, ტესტით დადგინდა ისიც, რომ დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი 9.48%-ს შეადგენდა, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ „სილქნეტის“ მხრიდან ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევა არ დაფიქსირებულა, კომუნიკაციების კომისიამ ოპერატორი ამჯერად წერილობით გააფრთხილა და აბონენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა დაავალა.
ComCom მიმართავს მომხმარებლებს, რომ ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ კომისიას.