სიგარეტზე აქციზი 20 თეთრით გაიზრდება, აიქოსზე – 15 თეთრით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, 9 დეკემბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდაა.
„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაძვირდეს სიგარეტისა და აიქოსის აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრი, ხოლო 20 თეთრი იქნება სიგარეტის შემთხვევაში”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება” ასევე გეგმავს მოგების გადასახადი 5%-ით გაუზარდოს აზარტული თამაშების ბიზნესსაც. ამ გადაწყვეტილებას მმაღტველი პარტია ერთის მხრივ, ახალგაზრდებზე ზრუნვით, მეორეს მხრივ, საგადასახადო შემოსავლების ზრდის აუცილებლობით ხსნის.
“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. როგორიც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე ექნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვა სახის გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.