ეროვნული ბანკის ანალიტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ივნისში კომერციულ ბანკებში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 13.1% შეადგინა.
ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.7%-ით შემცირდა და 15.9% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 9%-ის დონეზეა.
იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1%-ით შემცირდა და ივნისში 13.7% შეადგინა.
ხოლო იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4%-ით 9.4%-მდე შემცირდა.
იპოთეკურ სესხებზე ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.7%-ით შემცირდა და 12% შეადგინა.
უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1%-ით 7.1%-მდე შემცირდა.
ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა და 44.9%-ს გაუტოლდა.
ივნისში ვადაგადაცილებული სესხები, წინა თვესთან შედარებით, 45.7 მლნ ლარით შემცირდა და 424.8 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 42.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.