სემ ალტმანმა OpenAI-ში დაბრუნება გადაწყვიტა. ის კვლავ დაიკავებს ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს.
კომპანიამ განაცხადა, რომ ალტმანთან „პრინციპულ შეთანხმებას” მიაღწია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიცვლება დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა და იქ კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, გრეგ ბროკმანი დაბრუნდება, რომელმაც OpenAI ალტმანის შემდეგ დატოვა.
ალტმანმა, რომელიც OpenAI-ის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ, Microsoft-ში გადავიდა, მისი თანამდებობაზე დაბრუნება დაადასტურა.
„მე მიყვარს OpenAI და ყველაფერი, რაც ბოლო დღეებში გავაკეთე, მიზნად ისახავს გუნდის და მისი მიზნების შენარჩუნებას”, – წერს ალტმანი და დასძენს, რომ ნაწილობრივ ამ მიზნის მისაღწევად დათანხმდა Microsoft-ში წასვლას.
ალტმანის თქმით, ახლა, როცა დირექტორთა საბჭო შეიცვალა, ის უბრუნდება თავის კომპანიას და მოუთმენლად ელის Microsoft-თან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას.
Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მიესალმება OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს შეცვლას და თანახმაა, რომ ალტმანი დაუბრუნდეს კომპანიას, რომელმაც შექმნა ChatGPT.
OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ 17 ნოემბერს გამოაცხადა, რომ სემ ალტმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან გადაწყვეტილების მიზეზად საბჭოსთან ალტმანის არასათანადო კომუნიკაცია დაასახელა.
ალტმანის გათავისუფლების შემდეგ კომპანიის თანამშრომელთა 95%-მა ხელი მოაწერა ღია წერილს მისი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურიდან წასვლით დაიმუქრნენ.