საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) საჯარო სხდომაზე საირიგაციო წყლის მიწოდების წესებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესების განსაზღვრის ბოლო ვადა 2023 წლის 29 აგვისტომდეა, ხოლო დაინტერესებული პირების მიერ სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად 2023 წლის 17 აგვისტო განისაზღვრა.
პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გამოცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბერი, ხოლო სემეკში მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად – 2023 წლის 17 აგვისტო.
როგორც კომისია აღნიშნავს, ახალი მარეგულირებელი აქტებით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლესა და წყლით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
კერძოდ, მოხდება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის სწორი მოლოდინის შექმნა და მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა, ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესებთან დაკავშირებით სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც განიხილეს საირიგაციო წყლის მიწოდების წესების ძირითადი მიმართულებები.
სემეკის ორგანიზებით დაგეგმილია, პერმანენტული სამუშაო შეხვედრები საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.