საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს.
გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად, სემეკი სისტემატურად განახორციელებს არაგეგმურ აუდიტსაც. ეს გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.
ამ მიზნით, სემეკშიწარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად, საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზსაც ჩაატარებს.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების მარეგულირებელი აუდიტის სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და ფინანსური სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
„უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, სემეკი, კომპანიების მარეგულირებელ აუდიტს ატარებდა ტარიფების დადგენის პერიოდში შესაბამისი სატარიფო გაანგარიშების მიზნით.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელი აუდიტის პროცესს მიეცეს სისტემატური ხასიათი და კომპანიების საქმიანობის შემოწმება კონკრეტული მიმართულებებით მოხდეს არაგეგმურადაც.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს კომპანიების მიერ ხარჯების გაწევის უფრო მეტ გონივრულობას და მიზნობრივი პროექტების ეფექტიან განხორციელებას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სემეკში შექმნილი მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებში შედის:
- ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
- ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი;
- დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის, სახელმძღვანელო ინსტრუქციების, სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება;
- აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა;
- კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
- საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა.