პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლის თანახმად, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იქმნება.
„აღმოიფხვრება ყოველგვარი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს ვეტო დაადო, რომელიც შემდეგ პარლამენტმა დაძლია და ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ერთადერთი მიზანი იყო, სებ-ში არ შექმნილიყო ინსტიტუციური კრიზისი“, – ასე ახსნა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მიღებული გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ამ თემაზე შექმნილი აჟიოტაჟით ვიღაცას ეროვნულ ბანკში ინსტიტუციური კრიზისის ხელოვნურად შეექმნა სურდა, რასაც მმართველმა პარტიამ ვეტოს დაძლევით შეუშალა ხელი.
„აბსურდთან გვაქვს საქმე. ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენ მიერ მიღებულ კანონს შორის იყო ის, რომ ვეტო ითვალისწინებდა სამი ვიცე-პრეზიდენტის არსებობას ეროვნულ ბანკში და ჩვენი კანონი ითვალისწინებდა პირველ ვიცე-პრეზიდენტს პლუს ორ ვიცე-პრეზიდენტს. მეტი განსხვავება ამ ორ კანონს შორის არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ში ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს და გაათავისუფლებს.
სალომე ზურაბიშვილმა კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენების პარალელურად, 16 ივნისს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის საკუთარი კანდიდატი ლაშა ხუციშვილი ჰყავს შერჩეული, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს.
ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.