ეროვნულმა ბანკმა დეპოზიტების გაზრდილი დოლარიზაციის შესაკავებლად რეგულაცია გაამკაცრა. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უცხოური ვალუტაში ნომინირებულ დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5%-ით გაზარდა. ამჟამად სარეზერვო მოთხოვნის ზედა ზღვარი შეადგენს 10%-20%-ს (დამოკიდებულია თითოეული კომერციული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტზე) – უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე.
სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებში გამოჩნდა, რომ კომერციული ბანკების ანგარიშებზე გაზრდილია დეპოზიტების დოლარიზაცია. კერძოდ, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში პირიქით, შემცირდა. კომერციული ბანკების კლიენტებმა ლარის დეპოზიტებიდან მილიარდ ლარზე მეტი თანხა გაიტანეს და მისი დიდი ნაწილი ვალუტაში დააკონვერტირეს.
სებ-ის განმარტებით, დოლარიზაციის დონეს ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი. მისივე განმარტებით, ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში რომ არ გადაიზარდოს, ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი გაზარდა.
სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა გამოიყენება, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც.