ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი, 500,000 ლარის ეკვივალენტი სავალუტო სესხის აღებას ვერ შეძლებს. აღნიშნული შეზღუდვა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღეს მიიღო. ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
რეგულაციის გამკაცრებით ეროვნული ბანკი შეეცდება, საბანკო სესხების დოლარიზაცია შეამციროს.
ამჟამად სავალუტო სესხებზე მოქმედი ზედა ზღვარი 400,000 ლარს შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე 2024 წლის გაზაფზულზე გაზარდა. ამჯერად ზღვარი კიდევ 100,000 ლარით იზრდება.
“სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა”– წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის, კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 60 მილიარდ ლარს აღემატება, საიდანაც ლარში გაცემული კრედიტების წილი 56.73%-ს შეადგენს. ოქტომბერში ლარიზაცია გაიზარდა და კრედიტების ლარიზაციის წლიური მაჩვენებელი 1.91%-ით არის გაზრდილი.