ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ კენჭისყრის დროს დაფიქსირებული დარღვევები. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მიშელმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების საკითხს ევროსაბჭოს არაფორმალურ სხდომაზე დააყენებს, რომელიც ბუდაპეშტში 8 ნოემბერს ჩატარდება.
მისი თქმით, ნოემბრის ევროსაბჭოს სხდომაზე შეფასდება სიტუაცია და დადგინდება, ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან ურთიერთობაში.
მან აღნიშნა ევროკავშირი ითვალისწინებს OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად „გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები“.
„ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და აღმოიფხვრას. ჩვენ ვუმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოხატოს თავისი ერთგულება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რაც ასევე შეესაბამება ევროკომისიის მიერ მიმდინარე წლის ივნისსა და ოქტომბერში მიღებულ დასკვნებს. “, – დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54%-ზე მეტი მიიღო.
საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ „მოიპარა“.
ევროპის ქვეყნების და ასევე კანადის წამყვანი პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ხელისუფლების წარმომედგენლების მიმართ პირადი სანქციები უნდა აამოქმერდოს.