სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს უძრავი ქონების ღირებულების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატი დათვლისას დაეყრდნო უძრავი ქონების პორტალებიდან – myhome.ge-დან და ss.ge-დან აღებულ ინფორმაციას.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10.7%-ით გაძვირდა. 2020 წელთან შედარებით ინდექსი 25.1%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4%). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა კერძო სახლებზე (-3.5%). თუმცა, ერთ წელიწადში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, კერძო სახლების ფასი 11%-ზე მეტად არის მომატებული. ხოლო შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, ფასები გაზრდილია ორივე სეგმენტში – ბინებზე – 9.3%-ით, ხოლო კერძო სახლებზე – 11.6%-ით.
ყველაზე ძვირად ღირებული უბანი 2023 წელსაც მთაწმინდაა. მეორე ადგილზეა ვაკე, მესამეზე – საბურთალო.
ახალი ბინები
მთაწმინდაზე ახალაშენებულ (დასრულებული) ბინაში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება 4 919 ლარია, დაახლოებით $1 960, დოლარის დღევანდელი კურსით. ვაკეში კი – 4 201 ლარი ($1673).
1 კვ. მ. საცხოვრებელი ბინების და სახლების ფასი უბნების მიხედვით (ლარი):
თეთრი კარკასი/შავი კარკასი/ მწვანე კარკასი
ოფიციალური სტატისტიკა საკმაოდ დიდ სხვაობას აჩვენებს გასაყიდი ბინების მშენებლობის კონდიციების მიხედვით. შავი კარკასი საშუალოდ 2 474 ლარი ღირს, თეთრი კარკასი – 2821 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი, რომლის ზუსტი განსაზღვრა საკმაოდ რთულია, საშუალოდ 3 284 ლარი ღირს.
წინა კვარტალს თუ შევადარებთ, მწვანე კარკასის ფასი განსაკუთრებით არის გაზრდილი. მთლიანობაში ბოლო 2 წელიწადში ფასების მატება ყველა კატეგორიის ბინებზე შესამჩნევია.