საქსტატის მოკვლევის მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო მთლიანი მოსახლეობის 71.5% ანუ 2.67 მილიონი ადამიანი. ეს 1.6%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.63 მილიონი ადამიანი).
გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში წყალმომარაგებით საქმიანობას 27 საწარმო ახორციელებს. ამ საწარმოების მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 208 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (210.1 კუბური მეტრი).
კანალიზაციის ქსელით მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 52.4% სარგებლობს, რაც 1.96 მილიონ მოსახლეს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, ეს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.90 მილიონი) აღემატება 3.1%-ით.
2022 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.49 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 39.8%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.36 მილიონი) აღემატება 9.6%-ით.