2022 წელს საქართველოში მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3%-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
შემოსავლები
2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე გაიზარდა 19.0%-ით და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე – 18.6%-ით და 432.7 ლარია.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9% შეადგინა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9%-ით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 21.4%-ით და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა.
ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1% შეადგინა. ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4%-ია.
პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6% შეადგინა.
ხარჯები
2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 551.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22.0%-ით გაიზარდა და 1 413.6 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე – 21.7%-ით და 420.7 ლარია.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში გაიზარდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 71.5% შეადგინა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯები ქალაქის ტიპის დასახლებებში 19.2%-ითაა გაზრდილი და 951.5 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 22.2%-ით და 600.4 მილიონი ლარი შეადგინა.
სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 41.8%-სრაც 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.