ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან – საქპატენტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ და სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
გათავისუფლებული თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ საქპატენტში რეორგანიზაცია კონკრეტული ადამიანების ჩამოსაშორებლად ჩატარდა და ისინი დარღვეული უფლებებისა და ღირსების დასაცავად იბრძოლებენ.
მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო დაიცავს.
გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ საქპატენტის თავმჯდომარის ქმედებები მიზანმიმართულის შთაბეჭდილებას ტოვებს, სწორედ ამიტომ, ისინი სამართლებრივ გზას მიმართავენ.
საქპატენტში რეორგანიზაცია მაისის დასაწყისში დასრულდა, რის შედეგადაც შემცირდა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია.
გათავისუფლებული სპეციალისტები ამბობენ, რომ რეორგანიზაციამდე და მას შემდეგ საქპატენტი სხვადასხვა ხერხით დაატოვებინეს ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს. მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი რესურსი ჩადო როგორც სახელმწიფომ, ისე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) და ევროკავშირმა.
„ინტელექტუალურ საკუთრებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, ხოლო საქპატენტს კი ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში წამყვანი როლი აქვს.
წლების განმავლობაში, საქპატენტი მოწინავე იყო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
რეორგანიზაციის გზით მსგავსი კადრების გათავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ გაცხადებულ რეორგანიზაციის მიზანს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის შესახებ. რთული წარმოსადგენია, მიღწეულ იქნას საქპატენტის მიერ დასახული მიზნები, როგორც ეფექტური მმართველობის, ისე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესში, როდესაც უწყებაში აღარ არიან კადრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ ამ მიმართულებით, – აღნიშნავენ ორგანიზაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.
მათი უმრავლესობა ამბობს, რომ მათთან თავმჯდომარეს არ ჰქონია კომუნიკაცია, არ აუხსნია მიზეზი და არ შეუთავაზებია თუნდაც დაბალი პოზიცია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ფორმალურ კონკურსს, რომლის შედეგი წინასწარ მოსალოდნელი იყო და რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
„საქპატენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც მხოლოდ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ადამიანის გათავისუფლებით მოახერხა, მაშინ, როდესაც სამსახურს ემატებიან არაკომპეტენტური კადრები, ფორმალურად ჩატარებული კონკურსების გზით. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ სოსო გიორგაძესთან ერთად იუსტიციის სამინისტროსა თუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში”, – აცხადებენ საქპატენტიდან გათავისუფლებული თანამშრომლები.