2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 50.6%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, წელს ბრუნვის მოცულობამ $100.623 მლნ შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $203.871 მლნ იყო.
აღსანიშნავია, რომ კლება ყველაზე მეტად შეეხო იმპორტს, რომელიც წელს 69.1%-ით შემცირდა, ექსპორტმა (რეექსპორტის ჩათვლით) კი მხოლოდ 40.8%-ით დაიკლო.
უფრო კონკრეტულად, წელს ორ თვეში სომხეთიდან იმპორტის მოცულობა იყო $21.828 მლნ, წინა წელს $70.789 მლნ.
რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში სომხეთში $133.082 მლნ-ს პროდუქცია გავყიდეთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $78.795 მლნ.
Top-5 პროდუქტი, რომელიც 2024 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ სომხეთში.
ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით):
- მსუბუქი ავტომობილები – $15.695 მლნ
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – $4.392 მლნ
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $3.081 მლნ
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – $2.365 მლნ
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – $2.199 მლნ
იმპორტი:
- ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები – $7.795 მლნ
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – $2.178 მლნ
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – $1.972 მლნ
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – $1.905 მლნ
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის – $1.158 მლნ
კობახიძის ვიზიტი სომხეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
“ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.