საქართველო რუსეთში სპირტიანი სასმელების, უფრო კონკრეტულად კონიაკის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი, ხოლო აფხაზეთთან ერთად ღვინის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
ამის შესახებ აღნიშნულია Rosalkogoltabakcontrol-ის მონაცემებში. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს რუსეთში კონიაკის მთლიან მიწოდებაში სომხეთის წილი 61,7%, საქართველოს კი 22,5%-ია.
რაც შეეხება ყურძნის ღვინის მიწოდებას, საქართველო და იტალია თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებენ, თუმცა წამყვან ხუთეულში Rosalkogoltabakcontrol ცალკე ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთსაც ასახელებს.
ორგანიზაციის სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოზე რუსეთში იმპორტირებული ღვინის 15,8% მოდიოდა, აფხაზეთზე (საქართველო) – 10,4%. შედეგად, რუსეთში ყურძნის ღვინის მთლიან მიწოდებაში აფხაზეთთან ერთად საქართველოს წილი 26,2%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, პირველ ადგილზე 17%-ით არის ესპანეთი.
საქსტატის მონაცემებით კი, 2023 წელს რუსეთზე ქვეყნიდან ექსპორტირებული ღვინის 65,2% მოდიოდა, სპირტიანი სასმელების (კონიაკი გამოყოფილი არ არის) 57%.
უფრო კონკრეტულად, შარშან ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა $104.664 მლნ-ს ღირებულების სპირტიანი სასმელი, აქედან მხოლოდ რუსეთში $59.610 მლნ-ს ღირებულების. რაც შეეხება ყურძნის ნატურალურ ღვინოს, $257.710 მლნ-ს ღირებულების პროდუქტიდან რუსეთში $168.125 მლნ შევიდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში კი ექსპორტზე $47.335 მლნ-ს ღვინო გავიდა, აქედან რუსეთში $35.978 მლნ-ს ღირებულების, ანუ მთლიანი ექსპორტის 76%. სპირტიანი სასმელების შემთხვევაში კი რუსეთზე ექსპორტის 56.1% მოდიოდა, წელს ორ თვეში მთლიანმა ექსპორტმა შეადგინა $13.463 მლნ, რუსეთში $7.588 მლნ-ის შევიდა.