საქართველოში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების უმრავლესობა (57%) განათლებას არ იღებს, გამოკითხულთა მხოლოდ 43% სწავლობს ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამის შესახებ საუბარია ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მიერ ჩატარებულ კვლევაში.
განსხვავებები იკვეთება ასაკისა და სქესის მიხედვით. შედარებით მეტი ახალგაზრდა ქალი იღებს განათლებას (45%), ვიდრე მამაკაცი (41%).
ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქში (47%) ან სხვა დიდ ქალაქებში (42%), უფრო ხშირად იღებენ განათლებას, ვიდრე სოფლად მცხოვრები მათი თანატოლები (40%).
ახალგაზრდების უმრავლესობა (58%) ამბობს, რომ არ აქვს სამსახური.
ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს, ხოლო რესპონდენტთა 38% აღნიშნავს, რომ არ ეძებს სამსახურს.
თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები და შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, უფრო მეტად არიან დასაქმებულები.
14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული და არც დასაქმებულია.
ეს ვითარება უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებიდან ყოველი მეხუთე არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული და არც დასაქმებულია, ხოლო თბილისს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი არ არის დასაქმებული.
25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.
ახალგაზრდების დაახლოებით მეოთხედი (24%) აღნიშნავს, რომ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მოხალისეობრივად შეუსრულებია რაიმე არაანაზღაურებადი საქმე.
ახალგაზრდების უმრავლესობა კმაყოფილია ქვეყანაში მიღებული განათლებით. გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი (72%) კმაყოფილია განათლებით, რომელსაც იღებს ან მიუღია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება კარგად ამზადებს მათ შრომის ბაზრისთვის.