2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 110 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, ჯამში $22.120 მლნ-ს ღირებულების. იმპორტირებული მანქანების რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 93.4%-ით მეტია. 2023 წლის ოთხ თვეში ქვეყანაში 574 ელექტრომობილი შემოვიდა, $16.904 მლნ-ს ღირებულების.
მთავარი იმპორტიორი როგორც წელს, ასევე 2023-შიც ამერიკა იყო, მეორე ადგილზე კი ჩინეთია, ხუთეულში შედის გერმანია, იაპონია და სამხრეთ კორეა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს აშშ-დან შემოვიდა 505 ერთეული ელექტრომობილი, $8.823 მლნ-ს ღირებულების, (2023 წელს – 280 ერთეული); ჩინეთიდან 275 ერთეულის იმპორტი განხორციელდა, $7.148 მლნ-ს (2023 წელს – 189 ერთეული); იაპონიიდან შემოვიდა 217 ელექტრომობილი, $1.425 მლნ-ს ღირებულების (2023 წელს – 19 ერთეული); გერმანიიდან 44-ის, $2.490 მლნ-ს ღირებულების (2023 წელს – 280 ერთეული) და კორეის რესპუბლიკიდან 22 ერთეული, $578.5 ათასის ღირებულების (2023 წელს – 11 ერთეული).
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საშუალოდ ყველაზე იაფი საქართველოს ელექტრომობილების იმპორტი იაპონიიდან უჯდება – $6.580. სიიაფით მეორე ადგილზეა აშშ – ერთი მანქანის საშუალო ღირებულება $17.500-ია, მესამეზეა ჩინეთი – $26.000, შემდეგია კორეის რესპუბლიკა $26.300-ით და მეხუთე ადგილზეა გერმანია, სადაც ერთი მანქანის შეძენა საშუალოდ $56.600 დაჯდა.