საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა, ხოლო საშუალო ფასი შემცირდა, რაც მეორადი ავტომობილების წილის ზრდამ განაპირობა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 8 თვეში საქართველოში 2,770 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ მეტია. სულ ამ პერიოდში ქვეყანაში $52 მილიონის ღირებულების ელექტრო ავტომობილი შემოვიდა.
საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს $18.8 ათასია, რაც გასულ წელს არსებულ საშუალო ფასზე, 28.2 ათასზე 33%-ით დაბალია. ეს მეორადი ავტომობილების იმპორტის ზრდაზე მიანიშნებს. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბაზარზე მეორადი ელექტრომობილების ფასების მკვეთრი კლება ფიქსირდება.
განსაკუთრებით მაღალია მეორადი ავტომობილების წილი იმპორტში აშშ-დან და იაპონიიდან. ხოლო ჩინეთიდან და გერმანიიდან განხორციელებულ იმპორტში ახალი ელექტრომობილები ჭარბობს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან მოხდა:
- აშშ – 1429 ავტომობილი, $23.7 მილიონი, საშუალო ფასი $16.6 ათასი;
- ჩინეთი – 568 ავტომობილი, $14.6 მილიონი, საშუალო ფასი $25.7 ათასი;
- გერმანია – 92 ავტომობილი, $5.6 მილიონი, საშუალო ფასი $61 ათასი;
- იაპონია – 558 ავტომობილი, $3.7 მილიონი, საშუალო ფასი $6.7 ათასი;
- ბელგია – 28 ავტომობილი, $1.26 მილიონი, საშუალო ფასი $45 ათასი.