საქართველოში სუპერმარკეტების ქსელი ფართოვდება. ამას აჩვენებს ახალი მაღაზიების რაოდენობის ზრდა.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ ჩატარებული FMCG-ის(სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარი) კვლევის თანახმად, ახალი მაღაზიების გახსნის ტენდენცია თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ორგანიზებული FMCG ბაზარი დიდწილად რეგიონების ხარჯზე განაგრძობს ზრდას.
კერძოდ, 2024 წლის მაისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალი მაღაზიების რაოდენობა საქართველოს რეგიონებში 34%-ით არის გაზრდილი, მაშინ, როცა თბილისში ზრდამ 15% შეადგინა.
ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის FMCG ბაზარი მეტწილად გაჯერებულია სუპერმარკეტებით, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მათი შეღწევადობის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია.
აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტების ქსელი გაცილებით უკეთ არის განვითარებული დასავლეთ საქართველოში. ამას დიდწილად განაპირობებს დიდ ქალაქებში, კერძოდ, ბათუმსა და ქუთაისში მათი მაღალი კონცენტრაცია.
2024 წლის მაისისთვის დასავლეთ საქართველოში სუპერმარკეტების წილი სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარზე 39%-ს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%-ს.