საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა. თუმცა, საშუალო ხელფასი შემცირებულია წინა კვარტალთან შედარებით – 101,1 ლარით.
2023 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 2 044,5 ლარს შეადგენდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო სექტორში. ხოლო ყველაზე მეტად ანაზღაურებამ მოიმატა მშენებლობის სექტორში.
ყველაზე მაღალია ხელფასები შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2%-ით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12%-ით);
- მშენებლობა – 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3%-ით).