საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის მარტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით გაიზარდა.
სტატისტიკურ მონაცემებს საკონსულტაციო კომპანია PMCG აქვეყნებს.
ზრდა ყველაზე მაღალი მცხეთა-მთიანეთში (25.2%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-14.9%).
რაც შეეხება ფასებს წლიურ ჭრილში, 2023 წლის მარტში, 2022 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა. 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 16.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.4%-ით გაიზარდა.
ერთი წლის განმავლობაში ფასების ზრდა ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (29.1%), ყველაზე ნაკლები კი – იმერეთსა (0.9%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.9%).
საქართველოში 2023 წლის მარტში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ღირებულება იყო 167 ლარი ერთი ღამით, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ღირებულება 275 ლარი იყო ერთი ღამის განმავლობაში. საოჯახო სასტუმროში ნომრის ფასი 122 ლარი იყო.
5-ვარსკვლავიან სასტუმროში ნომრის საშუალო ღირებულება 2023 წლის მარტში ერთი ღამის განმავლობაში 456 ლარი იყო. თბილისში ნომრის საშუალო ფასმა 559 ლარი შეადგინა, შემდეგ მოდის კახეთი – 552 ლარი, სამცხე-ჯავახეთი – 458 ლარი, აჭარა – 429 ლარი.