ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის იანვარში პენსიონერთა რიცხვი 810 ათასს შეადგენდა, ამჟამად კი 828 ათასს მიაღწია, რაც წინასწარ გათვლილ მაჩვენებელზე მაღალია.
ამის გამო მთავრობა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 75 მილიონ ლარს დაამატებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის – გიორგი კაკაურიძის განმარტებით, მთავრობამ ბიუჯეტის შედგენისას, პენსიონერთა საპროგნოზო მაჩვენებლით იხელმძღვანელა, მაგრამ 2023 წელს ასაკობრივი პენსია მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა.
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დაგეგმვისას, პენსიონერთა რაოდენობას 12-15 ათას ადამიანს ამატებს, რაც არის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი.
აღმოჩნდა, რომ წელს პენსიონერთა რიცხვი 20 ათასზე მეტით არის გაზრდილი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ამ სიას კიდევ 5-6 ათასი პენსიონერი დაემატება.
გიორგი კაკაურიძის თქმით, ამჟამად პენსიის მიმღებთა სიაში დაახლოებით 40 ათასით ნაკლები ბენეფიციარია, ვიდრე ეს სამოქალაქო რეესტრის ბაზებშია რეგისტრირებული. მათი ნაწილი უცხოეთშია, ნაწილი კი საქართველოშია, მაგრამ საჯარო სექტორში მუშაობს და შესაბამისად, პენსია არ ეკუთვნის.
2023 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტით, ასაკით პენსიონერთა უზრუნველყოფაზე 3,450 მილიარდი ლარია გათვალისწინებული, რაც ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების 15%-ზე მეტია.
საქართველოში 70 წლამდე პენსიონერები 295 ლარს იღებენ, 70 წელს ზემოთ კი პენსია კი 365 ლარს შეადგენს.