საქართველოში არსებული სამაცივრე კამერები სანახევროდ ცარიელია.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მათი საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44.3%-ს, მაისში – 51.4%-ს, ხოლო ივნისში – 45.7%-ს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში 202 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომლებიც 312 მომხმარებელს მოემსახურა.
რას ინახავენ სამაცივრე მეურნეობები
2023 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 67.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 46.7% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით); 25.2% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა); 12.4% – თევზეული, 8.4% –ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17.4%-ს საკუთარი წარმოების, 19.9%ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 62.8%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა.
სამაცივრეების შემოსავლები
2023 წლის II კვარტალში მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.8 მლნ. ლარი შეადგინა.
სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 113.5 მლნ. ლარის ღირებულების (20.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 26.1%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 31%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.4%.