საქართველოში აბონენტების მხოლოდ 1%-ს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. ასეთი აბონენტების რაოდენობა ქვეყანაში მხოლოდ 4 ათასია.
ამ დროს, ევროპაში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ, 55%-ს უტოლდება და მერყეობს 20%-სა (საბერძნეთი) 87%-ს (ესპანეთი) შორის.
ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა.
კვლევის თანახმად, ასეთი დაბალი მაჩვენებელი მაღალსიჩქარიანი მომსახურების სიძვირემ განაპირობა. საქართველოში 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტის ფასი ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია.
შესაბამისად, აბონენტების უმეტესობა საქართველოში დაბალსიჩქარიან ინტერნეტს იყენებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ასეთი მაღალი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, აბონენტების მიერ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მოხმარების ზრდა ნაკლებ მოსალოდნელია.
კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა მომხმარებლებმა ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ მაღალი მოცულობისა და სიჩქარის ტელეკომ სერვისი.