საქართველოს ფოსტამ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ამანათების გაგზავნის საფასური გაზარდა.
განახლებული ტარიფები 3 იანვრიდან მოქმედებს. ამანათის საფასურის დაანგარიშება შესაძლებელია ფოსტის ვებგვერდზე.
როგორც BRG-ის საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე უთხრეს, საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის ტრანსპორტირების საფასური, ფოსტის სერვისცენტრიდან გატანის შემთხვევაში, 14 ლარს შეადგენს (12 ლარის ნაცვლად).
ხოლო მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია. დამატებით თითო კგ-ზე საფასურს 2 ლარი დაემატება.
ამასთან, საქართველოს ფოსტამ გააუქმა მცირე პაკეტები და შესაბამისად, ნებისმიერი წონის ამანათის გაგზავნის ფასი 14 ლარიდან დაიწყება.
გაძვირებულია საერთაშორისო გზავნილების ტარიფებიც.
აშშ-ის მიმართულებით 1 კილოგრამი ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ფასმა 24 ლარით მოიმატა და 185 ლარს შეადგენს. 3 იანვრამდე ღირებულება 161 ლარი იყო.
2 კგ-ის გაგზავნა 278 ლარი ღირს.
3 კგ-ის – 368 ლარი,
4კგ-ის–459 ლარი.
ევროპის მიმართულებით საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი ქალაქების მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ 152 ლარს შეადგენს.
სახმელეთო გზით ამანათის ტრანსპორტირების ტარიფი უცვლელია და მაგალითად, იტალიაში, მილანში, ერთი კგ-ის გაგზავნის ფასი 8,10 ლარია.