საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი იზრდება.
2024 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა $8.722 მლრდ-ს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს კი $249.843 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით, ვალის მოცულობა $8.473 მლრდ, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში უფრო მეტად არის გაზრდილი მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირებულია.
მარტში მთავრობის ვალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა თითქმის $287 მილიონით და შეადგინა $8.326 მლრდ. 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი $8.039 მილიარდს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვალი კი $433.164 მილიონიდან $396.553 მილიონამდე შემცირდა.
ამასთან, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).