„საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებისთვის ხელშეწყობას გავაგრძელებთ”,– თქვა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს „შუა დერეფანში” მნიშვნელოვანი როლი აქვს, ამიტომ DFC-მა(საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაცია) ფოთის პორტში $50 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს „შუა დერეფანში”, სწორედ ამიტომ, DFC-მა შავ ზღვაში ფოთის პორტის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გამოყო, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, გამტარუნარიანობა”, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.
ელჩის თქმით, 2023 წელს, აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობამ ისტორიულ $2 მილიარდს მიაღწია, მაგრამ „ეს საკმარისი არ არის”. შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ქართულ კომპანიებსა და ინდუსტრიებს, რათა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
„საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს ისე მყარად მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის დახმარების სახით, $6 მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს გაწეული და ეს მხოლოდ ციფრებში არ აისახება.
ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრივარ, ვისი ცხოვრებაც ამ პარტნიორობით შეიცვალა და ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი, ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, ბევრ პროფესორი, სტუდენტი, რომელიც მომზადებული იყო შეერთებული შტატების მიერ, მეუბნებიან, რომ პარტნიორობამ მათი ცხოვრება შეცვალა.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელი შეუწყო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 1600 ქართველმა ბენეფიციარმა აშშ-ში სამხედრო განათლებით ისარგებლა. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-თან თავსებადი აღჭურვილობებით. ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი“,- განაცხადა რობინ დანიგანმა.