საქსტატის განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წლის 8 თვეში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 14%-ზე მეტად გაიზარდა და $1,687 მილიარდი შეადგინა (2022 წლის იანვარ-აგვისტო – $1,477 მილიარდი). ის ვაჭრობის მოცულობით, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
რუსეთთან გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მოცულობა.
2023 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა 15.3%-ით არის მომატებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და $461,4 მილიონს შეადგენს (2022 წლის იანვარ-აგვისტო – $400 მილიონი).
რუსეთი მეორე ადგილს იკავებს საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის და მცირედით ჩამორჩება აზერბაიჯანს. შარშან რუსეთი ამ სიაში მესამე პოზიციაზე იყო ჩინეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.
რუსეთში ექსპორტის ზრდა ძირითადად ღვინის, მსუბუქი ავტომობილების, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების ხარჯზე მოხდა.
რაც შეეხება რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, მისი მოცულობა წელს 8 თვეში 14.7%-ით არის გაზრდილი. რუსეთი მეორე უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა თურქეთის შემდეგ.
ზრდა ძირითადად განხორციელდა ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯზე, რომელიც წელს მკვეთრად არის გაზრდილი. სულ ამ პერიოდში 622,7 ათასი ტონა ($434 მილიონი) ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით არის გაზრდილი.
რუსეთიდან ასევე გაზრდილია ხორბლის იმპორტი.