2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატრანზიტო ტვირთებმა მოიმატა, შესაბამისად, გაიზარდა სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალიც. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 56 872 809 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი53 396 016 ლარი.
შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 162 494 სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 152 560-მა ტრაილერმა.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ მონაცემებს, შარშან ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181 998 905 ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს საქართველოს საზღვარი 520 000-მდე სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს.