საქართველოს ავტომაგისტრალებზე სატრანზიტო ტვირთებმა მოიმატა. იანვარში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს დერეფანში 7 662-ით მეტმა სატვირთომ გაიარა. ხოლო 2022 წლის იანვართან შედარებით ზრდამ 26% შეადგინა.
2022 წელს საქართველოს დერეფანში ტვირთებმა 3 მლნ ტონით მოიმატა და 47.3 ტონას მიაღწია. აქედან, 27.9 მილიონი ტონა საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთები იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 20%-ით მეტია (23.2 მილიონი ტონა).
გაზრდილია სატრანზიტო სატვირთო მანქანების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებიც, რაც, ერთი მხრივ, სატვირთო მანქანების ნაკადის და მეორე მხრივ, გზათსარგებლობის გაზრდილ საფასურს უკავშირდება.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, გზათსარგებლობის საფასურის სახით გადახდილმა თანხამ იანვარში 12,041 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით, 125%-იანი ზრდაა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, გზათსარგებლობის საფასური 200-დან 350 ლარამდე გაიზარდა.