„საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია”, ასეთი სათაურით აქვეყნებს განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წერია, აშშ გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოეთის გავლენის“ კანონს, რომელიც კრემლისგან არის შთაგონებული.
„ამ კანონმა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ გზას დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატოში წევრობას, და, ამრიგად, საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საქართველოში
უცხოეთიდან მიღებულ დახმარებას – რასაც ჩვენ 32 წლის განმავლობაში გავცემდით საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსეთის აგრესიის შეკავებისათვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად – ფუნდამენტურად უთხრის ძირს იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან გვაქვს.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ, რომ მათი ხმა გაიგონონ. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ.
ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა უფლებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნება მისცენ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“,- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 1 მაისს 83 ხმით, მეორე მოსმენით დაამტკიცა.
მესამე, საბოლოო მოსმენა 17 მაისს არის ჩანუშნული.