2023 წელს „საქართველოს ბანკმა“ 1,302,967,584 ლარის მოგება მიიღო. ეს კი თითქმის 35%-ით მეტია წინა წელთან შედარებით – 2022 წელს ქვეყნის უმსხვილეს ბანკს 965,625 მლნ ლარის მოგება ჰქონდა. ამის შესახებ აღნიშნულია ბანკის 2023 წლის მე-4 კვარტლის პილარი-3-ის ფინანსურ ანგარიშგებაში.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მითითებული, საანგარიშო პერიოდში ბანკმა 2,665 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 470 მლნ ლარზე მეტია (2,188 მლრდ ლარი – 2022 წელს).
ამასთან, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 110 მლნ ლარით არის გაზრდილი ბანკის საკომისიო შემოსავალიც. 2023 წელს „საქართველოს ბანკმა“ საკომისიოების სახით 622,901 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2022 წელს კი 510,814 მლნ ლარი.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „საქართველოს ბანკის“ აქტივები შეადგენს 30,256 მლრდ ლარს, ვალდებულებები კი 25,833 მლრდ ლარს.
„საქართველოს ბანკი“ საფინანსო ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს.