8 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე განხილვის თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები იყო.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, ელჩებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ის შესაძლო ზომები, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.
სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.
საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი მოხვდა რეზოლუციაში, რომელიც 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით მიიღო.
რეზოლუციაში, რომელსაც არასავალდებულო ხასიათი აქვს, ჩაიწერა, რომ:
- საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება;
- დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილს და გათავისუფლდეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეზოლუციაზეც თქვა, რომ მას „ჩალის ფასი აქვს“.
ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება“ და რეზოლუცია არის „ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროდეპუტატის პწკენა“.
ცნობისთვის, 8 მაისს, – იმავე დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო დახმარების შესასყიდად 30 მილიონი ევროს გამოყოფას.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 2017 წლიდან სარგებლობენ.