რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების დარეგულირებით ახსნა.
„დროებითი შეზღუდვები ხელს შეუწყობს საწვავის ბაზრის გაჯერებას, რაც თავის მხრივ შეამცირებს ფასებს მომხმარებლებისთვის“, – წერია განცხადებაში.
მანამდე, საწვავის ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, მთავრობამ საფონდო ბირჟისთვის საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდების სტანდარტები გაზარდა.
ბოლო თვეებში რუსეთსი ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასებმა რეკორდულ დონეს მიაღწია, მაგრამ ამ კვირაში კლება დაიწყო.
საწვავის საბითუმო ფასების ზრდას რუსეთის მთავრობაში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაძვირებით და დოლართან მიმართებაში რუბლის გაუფასურებით ხსნიან.
რუსეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვა აისახება საქართველოში საწვავის ფასზე. როგორც ცნობილია, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანაში რუსეთიდან $435 მილიონის ღირებულების საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 60%-ია.