საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რაც ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანას გულისხმობს.
დოკუმენტზე ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს შედგა.
„ჩვენი ქვეყნების მიერ გამოქვეყნდება ასევე ერთობლივი კომუნიკე ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს”, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი ციანმა.
მისი თქმით, ორი ქვეყანა უმასპინძლებს სავაჭრო-ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც გაზრდის მთავრობასა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციასა და კოორდინაციას.
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს შორის ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ენის სწავლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენის ერთობლივი სწავლების შესახებ.
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ჩინეთის ეროვნულ აუდიტის სამსახურს შორის და ასევე შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის.