სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან აზერბაიჯანში ცხვრის ექსპორტი მაისის ბოლოდან აქტიურ ფაზაში შევიდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში წვრილფეხა პირუტყვის ჭირის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის მხრიდან ცხვრის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნილია.
მიმდინარე წელს, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის ლაბორატორიულად დადასტურებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოპერატიულად გაატარა დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობის გაძლიერებას, ვაქცინაციას, დეზინფექციას და სხვა შესაბამის აქტივობებს.
სააგენტომ ამის შესახებ აცნობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. ხოლო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სააგენტოს უსასყიდლოდ გადასცა 1 მლნ დოზა ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა და დამხმარე აღჭურვილობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ფერმერებთან, მეცხვარეთა ასოციაციასთან და ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს, გასცემს რეკომენდაციებს, რათა ფერმერებმა, თავიდან აირიდონ ცხოველების დაავადებითა და სიკვდილიანობით გამოწვეული ზარალი.