ევრო დოლართან მიმართებაში ეცემა. აშშ დოლარის მიმართ ევროპული ვალუტის გაუფასურების მიზეზი საფრანგეთში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შედეგებია, რომლის მეორე ტურში გამარჯვება მემარცხენეებმა მოიპოვეს.
აღნიშნულია, რომ ევროპული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 0,3%-ით დაეცა და ამჟამად 1 ევრო $1,08 ღირს.
ეცემა ფრანგული კომპანიის აქციებიც, რადგან არჩევნების შედეგები ფინანსურ რისკებს იწვევს.
Capital Economics-ის შეფასებით, ინვესტორები ფიქრობენ, რომ „არჩევნებმა თავიდან აიცილა ყველაზე ცუდი შედეგები, მაგრამ საფრანგეთისთვის ყველაფერი მაინც არ გამოიყურება კარგად… ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება ბიუჯეტის შემცირება.”
„საფრანგეთისთვის აუცილებელია ევროკავშირის ფისკალური წესების დაცვა და მისი სახელმწიფო ვალის შემცირება”, – თქვა ჯეკ ალენ-რეინოლდსმა, ევროზონის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ.
საფრანგეთში 7 ივლისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ დამარცხდა, რომელიც პირველ ტურს იგებდა.
წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულია მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტი”, რომელმაც 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 182 ადგილი მიიღო. მეორე ადგილზე ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კოალიციაა- 168 მანდატით. მარინ ლე პენის პარტიას – 143 მანდატი.
აღსანიშნავია, რომ სამი ძირითადი ბლოკიდან ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი მიიღებს.