აშშ-ის საფონდო ინდექსები ეცემა, რაც საბანკო ინდუსტრიის პრობლემებითაა გამოწვეული.
ინვესტორები შიშობენ, რომ Silicon Valley Bank-ის გაკოტრება, შესაძლოა, დომინოს პრინციპით, სხვა ბანკებზეც გავრცელდეს.
Dow Jones-ის ინდექსი, ოთხშაბათის ვაჭრობისას, 726 პუნქტით, 2.3%-ით დაეცა. S&P 500-მა და Nasdaq-მა 2-2%-ით დაიკლო. გუშინდელი საფონდო ვაჭრობა ყველაზე უარესი იყო 2023 წელს. აშშ-ის 10-მა უმსხვილესმა ბანკმა, აქციების გაუფასურებით, $39 მილიარდით იზარალა.
საბანკო ბაზარზე სიტუაცია გააუარესა შვეიცარიული Credit Suisse-ის აქციების ფასის რეკორდულად, 23%-ით ვარდნამ. სიტუაცია ოდნავ დაასტაბილურა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის განცხადებამ, რომ საჭიროების შემთხვევაში, Credit Suisse-ის ლიკვიდურობას გაზრდის. Credit Suisse-მა განაცხადა, რომ $53,7 მილიარდს შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან ისესხებს, თუმცა, მოლოდინები კვლავ ნეგატიური რჩება.
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა მოლოდინი აშშ-ის საბანკო სექტორის მიმართ სტაბილურიდან ნეგატიურისკენ შეცვალა.
აშშ-ში თებერვლის თვეში ინფლაცია 6%-მდე შემცირდა, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ საბანკო კრიზისმა შეიძლება ფასების ზრდა გამოიწვიოს.