საპენსიო სააგენტომ აგვისტოს ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ამ პერიოდისთვის:
-
მაღალრისკიან პორტფელში 2,940 მლნ ლარია განთავსებული, რაც მთლიანი საპენსიო შენატანების 76,4%-ს აღწევს.
ეს თანხა 914,200 მონაწილეს ეკუთვნის, რომლებიც 40 წლამდე ასაკის პირები არიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კატეგორია ყველაზე მრავალრიცხოვანია და მეანაბრეთა საერთო რაოდენობის (1,438 მილიონი) თითქმის 64%-ს შეადგენს, შესაბამისად, თანხის დიდი ნაწილი მაღალრისკიან პორტფელში განთავსდა.
-
საშუალორისკიანი, იგივე დაბალანსებული პორტფელის ზომა 582 მლნ ლარია და იგი 197,106 მონაწილეს მოიცავს. ამ კატეგორიისთვის აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.64% შეადგინა, რაც 3 მილიონ ლარს შეადგენს.
-
დაბალრისკიან, იგივე კონსერვატიული პორტფელის ზომა 329 მლნ ლარია და იგი 150,386 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა ამ პორტფელისთვის 0.04% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 2 მილიონი ლარია.
7 აგვისტოს, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის შესაბამისად, დაგროვილი საპენსიო აქტივები სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში გადანაწილდა.
მაგრამ აგვისტოშივე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საპენსიო სქემის მონაწილეებს პორტფელების არჩევის ვადა 2028 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივოს. ცვლილება, რომლის თანახმად, დასაქმებულები 2028 წლამდე ავტომატურად დარჩებიან დაბალრისკიან პორტფელში, საქართველოს პარლამენტმა სექტემბრის ბოლომდე უნდა განიხილოს.
2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სულ საპენსიო ფონდში 3.85 მლრდ ლარის საპენსიო აქტივებია თავმოყრილი. საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 686 მილიონი ლარია.
საპენსიო სქემაში სულ 1 მილიონ 438 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,647 პირმა და მათზე გაცემული თანხა 13,755,174.81 ლარს შეადგენს.