საპენსიო სააგენტო, სადაც საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებია თავმოყრილი, 600 ათას ლარს დახარჯავს სარეკლამო კამპანიაში.
უწყება საპენსიო რეფორმის შესახებ სარეკლამო ინფორმაციებს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებში განათავსებს.
აღსანიშნავია, რომ უწყება მომსახურებას ტენდერის გარეშე, კომპანიებთან პირდაპირ დადებული ხელშეკრულებებით შეისყიდის.
„გარკვეული ჯგუფები სოციალური მედიის, მასმედიისა თუ სხვა საშუალებით ავრცელებენ ნეგატიურ და არასწორ ინფორმაციას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაციის რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია და მათი გაბათილებისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, აუცილებელია უმოკლეს ვადებში სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით საპასუხო ინფორმაციის გავრცელება“, – წერს საპენსიო სააგენტო შესყიდვების სააგენტოს.
600 ათასი ლარით დაფინანსდება:
- საზოგადოებრივი აზრის კვლევა- 250 ათასი ლარი;
- სარეკლამო-საინფორმაციო ვიდეოგადაღება- 250 ათასი;
- ვიდეორგოლებისა და ინფორმაციის განთავსება სატელევიზიო და რადიო გადაცემებში- 100 ათასი ლარი.
როგორც ცნობილია, მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია შეტანილი.
ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო და უწყების მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნა საქართველოს მთავრობის პრეროგატივა გახდება.
გაიზრდება პირდაპირი ინვესტირების ლიმიტები. კერძოდ, ფონდს 800 მილიონი ლარის საკრედიტო დაფინანსებების გაცემის საშუალება მიეცემა.
საპენსიო ფონდის დაქვემდებარება ქმნის ვარაუდს, რომ ხელისუფლება საპენსიო დანაზოგების საკუთარი სურვილის შესაბამისად გამოყენებას გეგმავს.
საპენსიო ფონდში ამჟამად საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების სახით 5 მილიარდ ლარამდე თანხაა თავმოყრილი.