საპენსიო სააგენტოს საქმიანობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას სრულად დაექვემდებარება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი საზედამხედველო სტანდარტების გაუმჯობესება და მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობით გამოყენებაა.
„პირველ რიგში, ყველაზე მთავარია, პენსიონერებმა სტაბილურად მიიღონ დანაზოგებზე მეტი შემოსავალი. მეორე რიგში, პროგრამა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკას, როგორც გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი.
მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება ზედამხედველობის სტანდარტები და საპენსიო სააგენტოს საქმიანობა სრულად დაექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას. დაზღვევის მექანიზმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გავზარდოთ – ეს ყველაფერი ჩვენი რეფორმის შემდეგი ეტაპებია”, – ამბობს დავითაშვილი.
ამჟამად, ეროვნული ბანკის როლი საპენსიო სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებით და ამ პროცესზე ზედამხედველობით შემოიფარგლება.
ამასთანავე, სებ-ი ახორციელებს საპენსიო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაციას/აღიარებას და ზედამხედველობას. ცვლილების შემდეგ, სებ-ი განახორციელებს საპენსიო სააგენტოს ადმინისტრაციული ხედამხედველობასაც.