„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ამის შესახებ დღეს, 7 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციური წარდგინებას მოამზადებს. პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარუდგენენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმპიჩმენტის მიზეზი პრეზიდენტი ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტებია, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.
მისი თქმით, ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს. „ზურაბიშვილმა კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო, ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“, – თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილის გადაყენებას სიმბოლური ხასიათი ექნება.
„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს.
აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზედ პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც როგორც პრეცედენტი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – თქვა პაპუაშვილმა.