სანქცირებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი (IIB) ბუდაპეშტში თავის ოფისს ხურავს და რუსეთში ბრუნდება. როგორც ცნობილია, საინვესტიციო ბანკი აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა და იძულებულია დატოვოს ევროკავშირი.
ბანკის განცხადებით, აშშ-ის სანქციების შემდეგ, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა დაკარგა, შესაბამისად, უნგრეთში და ევროკავშირში მის შემდგომ საქმიანობას აზრი აღარ აქვს.
„ბანკმა დაიწყო სათავო ოფისის უნგრეთიდან რუსეთში გადატანა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ სანქციები დაუწესა ბუდაპეშტში რუსეთის მიერ დაარსებულ ბანკს, რომელიც უნგრეთის მთავრობის ნებართვით და მონაწილეობით მუშაობდა. სანქციები შეეხო უნგრელ დიპლომატსაც, რომელიც ბუდაპეშტის წარმომადგენელი იყო ბანკში.
„IIB-ის ხელმძღვანელები რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პირებთან ათანხმებდნენ IIB-ის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი“, – იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 12 აპრილს გამოქვეყნებულ ცნობაში.