სანქცირებულმა „ვითიბი ბანკმა“ 2023 წელი მოგებით დაასრულა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული. გასულ წელს ბანკი 203 ათასი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.
ამავე პერიოდში „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ მთლიანმა აქტივებმა 456,489 მლნ ლარი შეადგინა. ბანკმა გასულ წელს, საპროცენტო შემოსავლის სახით, 21,787 მლნ ლარი მიიღო, მათ შორის სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა 21,615 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს ბანკმა გაწეული მომსახურებიდან 51 ათასი ლარის წმინდა საკომისიო შემოსავალი მიიღო.
დასავლეთის ქვეყნების მიერ „ვითიბი ბანკის“ დასანქცირების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკს სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება მისცა.
მალევე ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი „ლიბერთი ბანკმა“ გადაიბარა, ხოლო „ბაზისბანკმა“ საცალო ბიზნესის სრული პაკეტი (სესხებიც და დეპოზიტებიც) და ასევე, ბიზნესის პაკეტის ნაწილი (როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების).
მოგვიანებით, ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა საქართველოს ბაზრიდან გასვლის განცხადება გააკეთა. თუმცა, ვითიბის საქართველოს ბაზარი ჯერჯერობით არ დაუტოვებია.
ბანკის აქციათა 97.4%-ს რუსული VTB ბანკი ფლობს, რომლის აქციების 59.3%-ის მფლობელი არის რუსეთი ფედერაციის სახელმწიფო.