დიდი შვიდეულის ქვეყნები (G7) აპირებენ, შეზღუდონ 1-კარატიანი ბრილიანტების ექსპორტი რუსეთიდან.
სანქციები ემუქრება უდიდეს რუსულ კომპანია ALROSA-ს.
ძვირფასი ქვების და საიუველირო ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობის საბჭოს (GJEPC) ინფორმაციით, ახალი სანქციები იქნება და ისინი დიდი ბრილიანტებით დაიწყება.
G7-მა შესაძლოა, დაავალდებულოს იუველირები სხვადასხვა ქვეყანაში, რომ დაადასტურონ ბრილიანტების არარუსული წარმომავლობა.
მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა, შესაძლოა, სამუშაოს დაკარგვის საფრთხე დაემუქროს სამი მილიონ ადამიანს, რომლებიც ინდოეთის ალმასის დამუშავების ცენტრში მუშაობენ, სადაც მსოფლიოს ათი ბრილიანტიდან ცხრა იჭრება და მუშავდება.
ALROSA ალმასის მომპოვებელი რუსული კომპანიაა, რომელიც წამყვან პოზიციას იკავებს ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე. კორპორაცია დაკავებულია საბადოების მოძიებით, მოპოვებით, უხეში ალმასის გადამუშავებითა და გაყიდვით. მისი საქმიანობა კონცენტრირებულია იაკუტიაში, ასევე არხანგელსკის რეგიონსა და აფრიკაში.