მოსკოვის ბირჟის, რუსეთის ეროვნული კლირინგ ცენტრისა და ეროვნული დეპოზიტარის დასანქცირების შემდეგ, რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. რუსეთის ბანკებში 1 აშშ დოლარი – 200 რუბლამდეც დაეცა. 1 ევროს ფასი კი 104 რუბლის ფარგლებშია.
თუმცა, შემდეგ გამყარება დაიწყო და დღეს დილით ბლუმბერგის სისტემაში 1 აშშ დოლარი 89 რუბლის ფარგლებშია.
ამერიკული ვალუტა უფრო ძვირია რუსეთის კომერციულ ბანკებში, გაზრდილია სპრედები- 85 რუბლი (შესყიდვა) და 95 რუბლი (გაყიდვა).
რუსეთის ცენტრალური ბანკი სიტუაციის დასტაბილურებას შეეცადა და განაცხადა, რომ რუბლის გაცვლითი კურსი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში განისაზღვრება საგარეო ვაჭრობაში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსით, ამიტომ იგი სავალუტო ვაჭრობაზე არ არის დამოკიდებული.
ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების თქმით, სავალუტო ვაჭრობის ძირითადი ვალუტა ახლა იუანია, მაისში ჩინურ ვალუტაში ვაჭრობის წილმა 54% შეადგინა და შესაბამისად, იუანის/რუბლის გაცვლითი კურსი განსაზღვრავს სხვა ვალუტის ფასსაც.
12 ივნისს, OFAC-მა, აშშ-ის საერთაშორისო აქტივების კონტროლის ოფისმა, რომელიც პასუხისმგებელია სანქციების სფეროში კანონის აღსრულებაზე, ოთხშაბათს, 12 ივნისს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მოსკოვის ბირჟა, რუსეთის ეროვნული კლირინგ ცენტრი (NCC) და ეროვნული დეპოზიტარი (NSD).
სანქციების შედეგად მოსკოვის ბირჟაზე დოლარით და ევროთი ვაჭრობა შეწყვეტილია.