სანქციების მიუხედავად რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის ნაწილები შევიდა. ამის შესახებ The New York Times წერს.
თვითმფრინავის ნაწილები გაეგზავნა რუსულ ავიაკომპანიებს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა. მათ შორისაა Rossiya, Aeroflot, Ural Airlines, S7 Airlines, Utair და Pobeda. მიწოდება მოხდა კომპანიების ქსელების მეშვეობით, რომლებიც სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შეიქმნა.
რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, რვა თვის განმავლობაში, რუსეთში $14,4 მილიონის ღირებულების ამერიკული თვითმფრინავის ნაწილები გაიგზავნა, მათ შორის $8,9 მილიონის ღირებულების Boeing-ის ნაწილები.
NYT წერს, რომ გასულ კვირას შეერთებულ შტატებში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი, რომლებიც რუსული ავიახაზებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულებს ბრალად ედებათ აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევა და ფულის გათეთრება.